ორთაჭალაში, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
დაკავებულია სამი პირი - ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე. მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
იგივე ბრალდება აქვს ბაირამ ალი გუსეინოვს, რომელიც მიმალვაშია. გაქცეულია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილიც.
მოსამართლემ დაუსწრებლად პატიმრობა მათაც შეუფარდა.
ადვოკატები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ფიზიკური.
ვეფხვაძის თქმითვე, გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით მიაყენა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები ამ ყველაფერს უყურებდნენ, თუმცა, სამართალდამცავებისთვის მომხდარის შესახებ არ შეუტყობინებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.