სპორტული კომენტატორი და პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე სანდრო ცნობილაძე, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ცნობილაძემ მედიასთან განაცხადა პოლიცია მასთან მიუღებელი ფორმებით შევიდა ჩხრეკაზე, რამაც მის ხანდაზმულ დედაზე იმოქმედა. სანდრო ცნობილაძის თქმით, ფაქტია, რომ ოლიგარქის პოლიციამ მის წინააღმდეგ ვერაფერი აღმოაჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხრეკა მისი დაკავებით დასრულდებოდა. ცნობილაძე ფაქტს აქციებში მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.
"დილას მოვიდა რამდენიმე ადამიანი. ერთი რამე ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ რამე რომ ჰქონოდათ მე აქ არ ვიდგებოდი. დილით 11 საათი არ იყო შემოვიდნენ, მეძინა, გაღვიძებულიც არ ვიყავი წესიერად. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. მათი შემოსვლის ფორმა იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ამოიღეს ლეპტოპები და დისკები, ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ის დისკები არის 9 აპრილის და 90-იანი წლების ფილმები, რომელიც დედაჩემს ჰქონდა კასეტებზე, გაციფრულებული. ამ დისკებზე შესაძლოა საფეხბურთო ამბებიცაა. მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვემსახურები და ტელევიზიაში ვარ. ჩემი ტელეფონია ასევე ამოღებული. იყო ჩემი შვილის მისამართითაც, რომ ტელეფონს წაგართმევო... მოკლედ, დამაწიოკეს.
მაინც ყველა შემთხვევაში ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ, სრულიად გასაგებია, მათ რა უშლით ნერვებს," - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.
სანდრო ცნობილაძის სახლში რეჟიმის გამომძიებლები დღეს დილით შევიდნენ. ოლიგარქის საგამოძიებოს მტკიცებით, ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ინტიმური შინაარსის ფოტომასალის უკანონოდ მოპოვებაზე ჩაატარეს.