25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის პროცესი გაიმართა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ალექსანდრე ქეშელაშვილი 29 ნოემბერს, პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა და ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.
ბრალდებამ სასამართლო პროცესზე 2 მოწმე გამოიძახა, ორივე პოლიციელი - 27 წლის თამაზ თავაძე და 23 წლის გიგი ბობოხიძე. მათი თქმით, ისინი ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმე მწკრივიანი კორდონის უკან იდგნენ და დაინახეს და გაიგონეს როგორ იგინებოდა ჟურნალისტი და პოლიციის რიგების გარღვევას ცდილობდა.
25 თებერვალს გამართულ პროცესზე მოწმე პოლიციელებმა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს:
თავდაპირველად შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილი თამაზ თევზაძემ დააკავა, გიგი ბობოხიძე კი მოწმე იყო. პოლიციელის დაკითხვამ საპირისპირო აჩვენა. თამაზ თავაძემ თქვა: "მე არ დამიკავებია, სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ... მე ხელი მისთვის არ წამივლია. გადავიბარე ის, გავიფორმე დაკავებული... არ მიმიღია დაკავების გადაწყვეტილება".
ასევე, პოლიციელები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს, როგორ იგინებოდა ჟურნალისტი და ცდილობდა სპეცრაზმელთა რიგის გარღვევას. თამაზ თავაძის თქმით, ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა დაკავებული - "წვერი ჰქონდა". გიგი ბობოხიძემ კი ტუჩების მოძრაობით დაასკვნა, რომ ჟურნალისტი იგინებოდა.
ალექსანდრე ქეშელაშვილს აქციაზე, დაკავების მომენტში თავზე ჩაფხუტი და სახეზე აირწინაღი ეკეთა. მას სახე არ უჩანდა. ეს გამოჩნდა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეო - და ფოტომასალებშიც. ასევე პროცესზე ჟურნალისტმა აირწინაღი გაიკეთა და საუბარს შეეცადა - მისი ხმა თითქმის ჰერმეტულად მომდგარმა აირწინაღმა შთანთქა და სიტყვების შინაარსიც ვერავინ გაიგო, მათ შორის ვერც მოსამართლემ.
პოლიციელებმა ასევე განაცხადეს, რომ:
შსს-ს სასამართლოსთვის ვიდეოები არ წარუდგენია, უწყების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამხრე კამერები ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავებისას დამჯდარი იყო. პოლიციელებმა კი მოსამართლეს უთხრეს, იმ მომენტში სამხრე კამერები საერთოდ არ გვქონიაო: "აქციების დროს გვიტყდება და გვეკარგება".
პოლიციელმა, გიგი ბობოხიძემ თავდაპირველად თქვა, რომ იცოდა ალექსანდრე ქეშელაშვილის პროფესიის შესახებ. "ვინაიდან ჟურნალისტია, წინა მხარეს ცდილობდა ყოფილიყო". მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ ჟურნალისტი იყო, უპასუხა - "აქციებზე ხშირად ვარ და ჟურნალისტებს ვცნობ სახეზე... თუმცა აქციაზე არ გამიგია, მერე გავიგე მისი ჟურნალისტობა, დაკავების შემდეგ გეუბნები". თამაზ თევზაძემ კი თქვა, რომ მას არაფერმა არ მიანიშნა, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო და აქციას აშუქებდა.
მოგვიანებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ "პუბლიკას" ჟურნალისტს ეკეთა პრესის წარმომადგენლის აღმნიშვნელი დიდი ზომის წარწერა, თან ჰქონდა ორი კამერა, რომელიც დაკავების დროს გასტაცეს და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. ბეიჯი, აირწინაღი და ჩაფხუტი კი ცემისას მოაგლიჯეს.
"იქ ხმაური იყო და ის, რომ ვინმე გაიგონებდა ან აირწინაღის ქვეშ დაინახავდა რაიმეს, არ შეესაბამება სიმართლეს. მე მართლაც შევხვდი ბატონ თამაზს [მოწმე პოლიციელი - რ.თ.] და შევხვდი მას შემდეგ, რაც ნიღბიანმა პირებმა გამიტაცეს, მცემეს და გადამიყვანეს სხვა მხარეს, პარლამენტის მიმდებარედ, ცხრა აპრილის ქუჩაზე. იქ შევხვდი და მან გადაიბარა ჩემი საქმე, როგორც თავად თქვა. ის ვერ იტყოდა, რომ მე მეკეთა აირწინაღი, რადგან აღარ მეკეთა, არც პრესკარტა მეკეთა - მომაგლიჯეს. მე ვეუბნებოდი დამკავებლებს, რომ ვარ ჟურნალისტი და ეს [მისი დაკავება - რ.თ.] იყო შეცდომა. მაშინ ასე მეგონა.
მე ვიყავი მსხვერპლი, მე არა მარტო ხელი შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, არამედ მცემეს, რის გამოც დამჭირდა ცხვირის ოპერაცია. მაქვს სუნთქვის პრობლემები და კიდევ მჭირდება ერთი ოპერაცია. გამძარცვეს, კამერები დღემდე გამქრალია და შსს უარს ამბობს მათ მოძიებაზე.
მხოლოდ მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ იმ ღამეს 25-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათ შორის იყო გურამ როგავა, ბევრ ჟურნალისტს წაართვეს ტექნიკა, ბევრის დაზარალდა. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ ეს იყო სისტემური დავალება.
მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, ვისაც თავს დაესხნენ და ხელი შეუშალეს, მაგრამ ჩემი საქმე არ არის მძიმე, როცა უსაფუძვლო მუხლებით დაკავებულია მზია ამაღლობელი," - განაცხადა ალექსანდრე ქეშელაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ გადაწყვეტილების გამოცხადება 17 მარტამდე გადადო.
[მასალა მომზადებულია გამოცემა "რადიო თავისუფლების" სტატიის მიხედვით]
ფოტო: "რადიო თავისუფლება"