თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. რეჟიმი მას 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების, "მდმა"-ის შეძენა - შენახვა - ტარებას ედავება. თუმცა დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე დღეს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ აბრამოვი არც ერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.
მისი ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არც ნეიტრალური მოწმე და არც მტკიცებულება. დაცვის მხარე ახლა დნმ-ის და თითის ანაბეჭდის ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
"თევდორე აბრამოვი იყო 15-მდე პოლიციელის კონტროლ ქვეშ შუაღამისას მარტო და მან თავად თქვა, რომ ხელი რომ არ მომეწერა, ჩემს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდებოდაო. არანაირი ვიდეო გადაღება არ არსებობს. არანაირი ფიზიკური მოწმე არ არსებობს, როგორც ნეიტრალური მტკიცებულება. ამ ეტაპზე, მიღებული გვაქვს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თევდორე აბრამოვი არ არის არცერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ", - ამბობს ადვოკატი. [ ტვ პირველი]
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციიდან მოდიოდა. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.