ჩემი მიმალვის საფრთხე არ არსებობს , შემეძლო წავსულიყავი თუნდაც, ქალაქგარეთ, ან მეგობართან, ამის მაგივრად, სახლში დავრჩი. სახლში მომაკითხეს და დამაკავეს - ამ სიტყვებით მიმართა "ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის" ბრალდებით დაკავებულმა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მისი საქმის პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს დღევანდელ პროცესზე.
"პროკურორებს მივამართავ, ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს ოჯახს, მამაჩემს და დედაჩემს. საღამოს, 20:00 საათზე, მამამ დამირეკა, სახლში მოსულები არიანო, ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. ღამის 2:00 საათზე უნდა წავსულიყავი სამსახურში, მუსიკოსი ვარ. მე მქონდა შესაძლებლობა, ხომ ვიცოდი, რომ მომძებნიდნენ, შემეძლო წავსულიყავი თუნდაც, ქალაქგარეთ, ან მეგობართან, ამის მაგივრად, სახლში დავრჩი. სახლში მომაკითხეს და დამაკავეს" [IPN],- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა ჯავახიშვილის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს შესთავაზა, შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის დაწესება.
ასევე, ადვოკატმა ბრალდებულის ასაკზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ბრალდებულმა უთხრა, "მეშინია რომ იქ [ციხეში] დავავადდები, რადგან ჰაერი არ არისო".
ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.