თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ინსაფ ალიევის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. უფლებადამცველი სასამართლოს სთავაზობს ალიევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და 10 000 ლარის გადახდას, 30 კალენდარულ დღეში. სასამართლოს მიმართა ალიევმაც: "მე არსად გავიქცევი, სამსახურში დამაკავეს, 3 წლის ბავშვი მყავს, ასევე მყავს მოხუცი ბებია. ყველას მე ვინახავ და შესაბამისად არსად გავიქცევი" - თქვა მან.
ცნობისთვის, პროკურორები რეჟიმის ტყვეების პატიმრობაში დატოვებას "მიმალვის საფრთხისა" და "განმეორებითი დანაშაულის ჩადენის" მოტივით ითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რეჟიმის 8 პატიმრის პროცესი იმართება.
საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.