ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ოლიგარქის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 - 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მოსამართლე გელაშვილმა ბაჩიაშვილს დღეს უარი უთხრა დისტანციურ რეჟიმში, სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე. 

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. 

ბაჩიაშვილს პირველი ბრალი 2023 წლის 5 ივლისს წარუდგინეს. ივანიშვილი მას ბიტკოინების მითვისებას ედავება. თუმცა, ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საქმეში ოლიგარქი არა ინვესტორი, არამედ მსესხებელია. 

პროკურატურის ინფორმაციით, "ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარი იყო". 

ბაჩიაშვილს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა, ამ საქმეზე გირაო პატიმრობით შეეცვალა. ისევე, როგორც "მტკვარი ჰესის" საქმეზე, რომელზეც პროკურატურამ ბრალი 25 თებერვალს წარუდგინა სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს მესამე ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აქვს წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად,  ასევე პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი