საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთი ადამიანისთვის საკმარისი დოზა ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (LSD-ს) (შეძენა/შენახვისთვის) ფლობისთვის პატიმრობის მისჯა არაკონსტიტუციურად ცნო.
გადაწყვეტილება ოთხმა მოსამართლემ: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ მიიღეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გაერთიანებული სარჩელით ცხრა ადამიანმა 2016 წლის 7 მარტს მიმართა.
ყველა მომჩივანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის წლების წინ პატიმრობა მიესაჯათ.
1. კონსტიტუციური სარჩელი №733 („გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი), რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0,000172 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
2. კონსტიტუციური სარჩელი №733 („გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0,4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 30 ივლისამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს (3,48 გრამი) წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0,3483 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0,2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის და ამავე დანართის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0,0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0,0149 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
3. შეწყდეს საქმე №733 კონსტიტუციურ სარჩელზე („გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0,00028 გრამამდე) შეძენა/შენახვისათვის.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.