მე ბევრი წელია მსგავსი შემთხვევა არ მქონია , ასევე ჩემი კოლეგებისგან არ მსმენია - ამბობს ბექა ბასილაია მოსამართლის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ბასილაია დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ გაუგებარია რატომ გამოიყენა მოსამართლემ შეკრებითობა:
"სსკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება, მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა გვიტოვებს ჩვენ ვარაუდისთვის სივრცეს, რომ რეციდივს ჰქონდა ადგილი. თუმცა, რეციდივზეც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელების შეკრება მოხდეს, თუმცა ისიც ნაწილობრივ და ამ შემთხვევაში რა გააკეთა- საზღვრის კვეთაზე მაქსიმალურია 4 წელი, 5 წლამდეა, 4 წელს დაუმატა 8 წელი და კიდე 6 თვე და გამოიყვანა 12 წელი და 6 თვე ისეთ ქმედებებზე, რაზეც ქართული ოცნების პირობებშიც, სულ რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას თავი დავანებოთ, მსგავს სასჯელებს ჩვენ ვერ ვნახავთ." განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ. მისივე მტკიცებით, მოსამართლეს ჰქონდა უფლება შეკრებითობის პრინციპი გამოეყენებინა:
"იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და მას შემდეგ ჰქონდა რიგი დანაშაულები ჩადენილი, ეს გამოდის დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლეს ჰქონდა სრული უფლება გამოეყენებინა, როგორც სრული შეკრება, ასევე ნაწილობრივ შეკრება. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივ შეკრება. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა, ამას უკვე დასაბუთებულ განაჩენში ვნახავთ" - ამბობს პროკურორი.
იხილეთ: