"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ბათუმის საქალაქო სასამართლოს "ნეგაზეთისა" და ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.
დოკუმენტში განხილულია ისეთი ძირეული სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა:
"საბოლოოდ ჩვენი შეფასებაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, 353 პრიმა მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ელემენტები მზია ამაღლობელის ქცევაში არ იკვეთება. კერძოდ, სახეზე არ გვაქვს არც ქმედების ობიექტური (თავდასხმა - როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი) და არც სუბიექტური (პირდაპირი განზრახვა და მიზანი, რომელიც პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება) შემადგენლობა.
რაც შეეხება, სილის გაწნის სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციას, მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი, დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებას არ მიუღწევია ისეთი ინტენსივობისთვის, რომელიც ultima ratio პრინციპის გათვალისწინებით გაამართლებდა მისი ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას. ამის საფუძველს იძლევა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.