პროკურორის მტკიცებით, ირაკლი დგებუაძის საქმიანობამ მზია ამაღლობელი "გაანაწყენა", "გააღიზიანა" და მას თავს დაესხა, რა დროსაც დგებუაძემ "ფიზიკური ტკივილი განიცადა".
განცხადებები ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე გააკეთეს.
"ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობთ გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკი, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ბრალდების მხარის მიერ შეფასდა 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით" - თქვა ერთმა პროკურორმა.
მისივე თქმით, სასამართლო განხილვის ეტაპზე წარადგენენ ყველა საჭირო მტკიცებულებას, მათ შორის, ჩვენებას მისცემს "დაზარალებული" დგებუაძე და მოწმეები. პროკურორებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ ამაღლობელი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
პროკურატურა სასამართლო დარბაზში დღესაც ამტკიცებდა, რომ დგებუაძემ "ფიზიკური ტკივილი განიცადა"
"მას [დგებუაძეს] რაიმე წინაპირობა და შეხება ბრალდებულთან არ ჰქონია, რომ კონფლიქტი და დაძაბულობა ყოფილიყო და სწორედ მისმა სამსახურებრივმა საქმიანობამ გაანაწყენა ბრალდებული და მახდინა მასზე თავდასხმა და განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მან განიცადა ტკივილი" თქვა მეორე პროკურორმა
მზია ამაღლობელის ბრალდების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ მოსამართლეს საკუთარი ნუსხა წარუდგინა, რომლის დაშვება-არდაშვების შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე სახელაშვილი სწორედ მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.