ოლიგარქის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა უთხრა.
მისი თქმით, თუ საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციო ძალაში დატოვებს, ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა დაიწყება.
"ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში ვაპირებთ, რომელიც ამ ტიპის საქმეებისთვის საბოლოოა. თუ მას ლტოლვილის და ჰუმანიტარულ სტატუსს მიანიჭებენ, შესაბამისად, აღარ მოხდება მისი ქვეყნიდან გაძევება და თუ ამჯერადაც უარი იქნება, დაიწყება მისი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები... გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 15-დღიანი ვადა გვაქვს", - ამბობს მარიამ გაბროშვილი.
ცოტა ხნის წინ ოლიგარქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა.