პროკურორის განცხადებით, უძილაურმა ჯანგველაძისა და მისი მძღოლის წინააღმდეგ 14-ჯერ გაისროლა

გამოქვეყნდა:

ბრალდების მხარის განცხადებით, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძესა და მის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ ესროლა. პროკურორმა ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა - „უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა" - აღნიშნა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა. 

მოსამართლემ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ირკვევა, რომ უძილაური წარსულში ნასამართლევია და ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს. 

შეგახსენებთ, 14 მარტს გვიან ღამით თბილისში,  ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც. 

პოლიციამ ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. 

უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  წარედგინა, რაც 16 - დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი