"პროცესები არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, ხართ დასანქცირებულები" | კაცია ოლიგარქის სასამართლოს

გამოქვეყნდა:

მე არავის ვალი არ მაქვს, ერთადერთი ვალი მაქვს- ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული და მათ შორის, ამ სიყვარულით დავიცვა ჩემი თავიც - ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის ტყვემ, ნიკა კაციამ ოლიგარქის სასამართლოს დღევანდელ პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ჟურნალისტის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურორებისთვის მატყუარას წოდების გამო შენიშვნა მისცა და "კორექტულობისკენ" მოუწოდა: 

"რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა მატყუარა პროკურორმა წარმოადგინა...
რა არის არაკორექტული? როცა თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ... 

"მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი , რომელიც უბრალოდ ყარს. ყველა ვინც მე მასამართლებთ, ხელს უწყობთ, რომ გამოძიება არ დაიწყოს , ყველა ხართ არალეგიტიმურები, ხართ დასანქცირებულები და კიდე მე მაძლევთ შენიშვნას?" მიმართა კაციამ სასამართლოს. 

ნიკა კაცია იმ კითხვებზე ითხოვდა პასუხს, რომელიც გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს. ამის გამო მას მოსამართლე მჭედლიშვილი დარბაზიდან გაძევებით რამდენჯერმე დაემუქრა. კაცია ამბობს, რომ ის სამართალდამცავებმა საკუთარ სახლთან დააკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც ოქმშია მითითებული. 

მისივე თქმით, მის საქმეში ტაქსის მძღოლის, ლევან იაშაღაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ტაქსის მძღოლის საუბრით გაირკვევა ბევრი დეტალი. 

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ჟურნალისტი ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს.  რეჟიმის პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი