საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე. ორგანიზაციამ შეისწავლა ოკმელაშვილის ბრალდების საქმე და აღნიშნავს, რომ "სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად სამ დღეში".
გამოძიებას კი აწარმოებდა უპრეცედენტოდ ბევრი - 15 გამომძიებელი (ამ რაოდენობის გამომძიებელი, როგორც წესი, ჩართულია მრავალეპიზოდიანი ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საქმეებში) და სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
,,დაზარალებულმა“ პოლიციის თანამშრომელმა საგამოძიებო ორგანოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ მეორე დღეს, 14 მაისს. პოლიციის თანამშრომელი წერილობითი განცხადებაში აღნიშნავს, რომ 13 მაისს, დილის საათებში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იდაყვი დაარტყა სახის არეში.
,,დაზარალებული“ პოლიციელის საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის დროისთვის საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩატარებული ჰქონდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები ამოცნობის მიზნით გაგზავნილი ჰქონდა შს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში."
გიორგი ოკმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 - მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დააკავეს. მას 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
16 მაისს პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილისა (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის) ბრალდებით.
2025 წლის 3 თებერვალს, გიორგი ოკმელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება მას მოეხსნა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
TI წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, მასიურად ჩატარებულია სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გვერდის ავლით (გამოძიება საქართველოში იწარმოება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, სადაც რთულია წარმოებული დოკუმენტების გადაკეთება/თარიღის ჩასწორება). გამოძიების ძველი მეთოდით (ქაღალდზე) წარმოება, იძლევა გამოძიების ფალსიფიცირების მეტ შესაძლებლობას. ასეთი გამონაკლისები, როგორც წესი დაშვებულია მაშინ, როცა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ოქმებში მითითებული თარიღები და საათები არ ასახავს რეალურ დროს.
"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ძალიან კარგად აჩვენებს საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სახელისუფლებო მედიის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოქმედებას პოლიტიკური ნების/მითითების არსებობისას - როგორ ჩქარდება გადაწყვეტილებების მიღება საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურაში, სასამართლოში, საექსპერტო დაწესებულებაში და როგორ მიმდინარეობს კოორდინაცია უწყებებს შორის ოფიციალური არხების მიღმა.
გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თვალნათლივ აჩვენებს, რომ პროკურატურა ვერ ასრულებს საგამოძიებო ორგანოზე მონიტორინგის ფუნქციას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა. პროკურორს არ გაუუქმებია გამომძიებლის არცერთი უკანონო გადაწყვეტილება (რაც აღნიშნულ საქმეში მრავლადაა). უფრო მეტიც, პროკურორს მიმართული აქვს სასამართლოსთვის გამომძიებლის მიერ ჩატარებული უკანონო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის მოთხოვნით.
ეს საქმე არის კარგი ილუსტრაცია იმისა, როგორ ვერ ასრულებს სასამართლო საგამოძიებო ორგანოებზე, პროკურატურაზე მაკონტროლებლის როლს და არის პროკურატურის შუამდგომლობების უპირობოდ დაუკმაყოფილებელი, მაშინაც კი როცა ეს შუამდგომლობები არც დასაბუთებული, არც სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისია და ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
ასევე, ეს სისხლის სამართლის საქმე არის სახელმწიფოს მიერ მისი უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითი. საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურისა და სასამართლოს დახმარებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და გიორგი ოკმელაშვილის კომპანიის საქმიანობის შეჩერების მიზნით ამოიღო კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიებამ ასევე, ამოიღო ბრალდებულის ავტომანქანა. ამოღებულ ნივთებს არავითარი მტკიცებულებითი ღირებულება არ ჰქონდა იმ ბრალდებისთვის, რომელსაც პროკურატურა გიორგი ოკმელაშვილს ედავებოდა." ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.