"დავინახე, რომ ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ჯოხით ხელში... მომხვდა მე ხელის არეში... მქონდა შეწითლებული," - ამის შესახებ ოლიგარქის რეჟიმის პოლიციელმა, ლევან კოდელაშვილმა 21 წლის მათე დევიძის საქმეზე სასამართლოში ჩვენებისას განაცხადა. კოდელაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ამტკიცებს, რომ დევიძემ მას ჯოხი დაარტყა, რის გამოც "ტკივილი განიცადა". თუმცა, კითხვაზე - მიმართა თუ არა სამედიცინო დაწესებულებას დაზიანებისთვის, პოლიციელმა თქვა, რომ - "არა":
"გზის სავალი ნაწილი იყო გადაკეტილი, მაგრამ ხალხის მცირე რაოდენობის გამო ჩვენ სიტყვიერად მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ნიკა მელიასთან, ცოტა დაიძაბა რაღაცა ვითარება.
დავინახე, რომ ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ჯოხით ხელში, რა დროსაც ეს ჯოხი რამდენჯერმე მოიქნია და მათ შორის ერთხელ მომხვდა მე ხელის არეში. მარცხენა ხელის მტევანზე. დაზიანება, ცოტათი მქონდა შეწითლებული.
მიმართეთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებას?] ... არა, იმიტომ რომ არ მქონდა ის დაზიანება, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმემართა. რა თქმა უნდა [ტკივილის განცდას იწვევდა] ახლა ამხელა ჯოხს რომ ხელში ჩაგარტყამენ იგრძნობ ტკივილს," - თქვა "დაზარალებულმა" მოწმე პოლიციელმა.
მათე დევიძეს ოლიგარქის რეჟიმი სამი პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მოწმე პოლიციელის, ლევან კოდელაშვილის ჩვენებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.