ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მზია ამაღლობელის საქმეში დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამორიცხა. საუბარია ვიდეო-მტკიცებულებებზე, რამდენიმე წერილობით დოკუმენტსა და 1 მოწმის გამოკითხვის ოქმზე - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტში, საჯაროდ გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც ასახავს ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების დროს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურა ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მათი საქმესთან შეუსაბამობის საბაბით მოითხოვა. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა
გასაჩივრების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ოქროპირაშვილმა შეცვალა ვიქტორ მეტრეველის გადაწყვეტილება და ვიდეო-მტკიცებულებები საქმეში დააბრუნა.
ცნობისთვის, ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც დაუშვებლად ცნო ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ამაღლობელის მხარდაჭერებმა მოსამართის სახლთან სიმბოლური აქცია გამართეს.
10 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მათგანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ კი ცხრავე მათგანი – მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.