ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოლიგარქიული რეჟიმის პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს. პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურა სავარაუდოდ, მოწმეებს წარადგენს.
რეჟიმის პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანი ირაკლი დგებუაძე ამტკიცებს, რომ ამაღლობელის გაწნულმა სიამ "ტკივილი მიაყენა".