არანაირი პოლიტიკური დევნა არ განმიხორციელებია, კაციშვილმა არ იცის ვინაა ალი ბაბაევი. თვითონაც არ ახსოვდა, ალბათ, მერე უთხრეს „ქართულ ოცნებაში“ - განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას კითხვაზე - ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ.
ელისაშვილის თქმით, საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს.
„მე, თურმე, ოპოზიციის წარმომადგენელი დავდევდი ქუჩაში „ქართული ოცნების“" წარმომადგენელს. არასწორი მუხლია და არანაირად თავს დამნაშავედ არ ვცნობ.
არასწორი კვალიფიკაციაა, იქით მომდევდა რკინის ჯოხით. რა თქმა უნდა, „მამა აბრაამის ბატკანი“ არ ვარ, არც მისი ცემა არ მინდოდა, სახელს არ შემმატებდა მისი ცემა, ჩემთვის მოვდივარ და მაგინებს. ალი ბაბევი და მისი მეგობარი, ვიღაც ირანელი შუა კოსტავაზე მაგინებენ, მე თავი უნდა დამეხარა? მე ასე არ მოვიქეცი. მისი ცემა არ მინდოდა, სანამ რკინის ჯოხით არ გამომეკიდა და კინაღამ თავი გამიტეხა. სასაცილოა, რაზეც ახლა ვმსჯელობთ. თურმე, მე პოლიტიკურად გავუსწორდი ადამიანს, კაცმა რომ არ იცის დედამიწაზე მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, თვითონაც არ ახსოვდა, ალბათ, მერე უთხრეს „ქართულ ოცნებაში“,- განაცხადა ელისაშვილმა. [IPN]
სასამართლო პროცესზე ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის პოლიციელებმა კანცელარიასთან სცემეს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით არც ერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ და არც გამოუკითხავთ.
დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულების საქმეზე დართვა მოითხოვა. ადვოკატების განაცხადებით, მათ შსს-ს ბაბაევის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.
ადვოკატები განცხადებაში უთითებენ, რომ ბაბაევის მხრიდან რკინის ჯოხით ელისაშვილის მკვლელობის მცდელობა განხორციელდა. სწორედ აღნიშნული განცხადების საქმეზე დართვა მოითხოვეს უფლებადამცველებმა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ოლიგარქის პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სსკ-ის156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარუდგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.
პროკურატურის მტკიცებით, გასული წლის 2 დეკემბერს ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, "აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა".