რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ, სხვა დარბაზში გაგრძელდა
მესამე დარბაზში, სადაც პროცესი მიმდინარეობდა ელექტრიკოსები მუშაობენ. მიზეზი კი ელექტროგაყვანილობა გახდა, რომელიც ბრალდებულების განთავსების ადგილასაა დამონტაჟებული. როგორც გაირკვა, ორ პირს დენმა დაარტყა.
„მე დღეს ვზივარ იმ პროცესზე, სადაც ორ ბრალდებულებს დენი ურტყამს. როგორ ვთქვა, რომ მე ვარ ადვოკატი, როცა ვიცი, რომ მათ დენი ურტყამთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ; ვიცი, რომ ეს პრობლემა ამ დარბაზში ექვსი წელია არის, მაგრამ მინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოება დაცული იყოს“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმის პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ბრალდება დღეს სამედიცინო დასკვნას წარადგენს როგორც ახალ მტკიცებულებას, რის შემდეგაც, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. სასამართლო პროცესს ესწრებიან რეჟიმის ტყვეებიც.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.