ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს მოწმე პოლიციელები იკითხებიან. ბრალდების მხარემ ამ დროისათვის აჭარის პოლიციის 2 თანამშრომელი მიიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დღესვე უნდა გამოიკითხოს "დაზარალებული" დგებუაძე, რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს კი წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.