საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ჩიკვაიძე ეტლით მიიყვანეს.
დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა, მათ შორის მოწმეთა სიის შესახებ შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ადვოკატის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცესზე მყოფმა ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა: "მკვლელობის მონაწილე ხართ, თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში".
მოგვიანებით მოსამართლემ ჩიკვაიძეს გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა.
როგორც ბიზნესმენის ადვოკატი, თემურ ადონია ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.
"გიორგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გუშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან საუბარი მქონდა. ადრე ვერ გრძნობდა მარცხენა ფეხს და მარცხენა თვალში არ ჰქონდა მხედველობა. ახლა პროცესი პროგრესირებს და მარჯვენა ფეხზეც უჭირს უკვე მგრძნობელობა - დასუსტებული აქვს. ასევე მარჯვენა თვალითაც მხედველობა აქვს გაუარესებული. შესაბამისად მისი მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოველდღიურად მძიმდება", - თქვა ადონიამ.
შემდეგ პროცესი 29 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 11 მარტს დააკავეს. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.
ჩიკვაიძის საქმე:
გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
გამოძიების ინფორმაციით, შპს „ელთ ბილდინგისთვის" გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.
ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.