„ყველა ქავთარაძის სირცხვილი ხარ!“ - ამ შეძახილებით გააცილეს რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის საქმის მოწმე პოლიციელი მირიან ქავთარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.
ქავთარაძე სხვიტარიძეს მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
დღევანდელი გამოკითხვის დროს კი ქავთარაძემ აღიარა, რომ იმ ღამეს მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, პოლიციის მოწმობა არ უჩვენებია.
"სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოვიდნენ მოქალაქეები, რომლებმაც ტიტუშკები გვეძახეს, ავუხსენით, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით და დაიწყო დაპირისპირება. მომხადეს კაპიუშონი და ჩოჩქოლის დროს მივიღე თავის არეში დაზიანება.
ჩარტყმის მომენტი არ დამინახავს, იმ მომენტში სანამ სისხლით გამევსებოდა სახე ვიფიქრე, რომ ხელი იყო მერე ვნახე, რომ რაღაც საგანი იყო. თავი ორ ადგილას მქონდა გატეხილი. რკინა იყო....
ვალდებულება არ მაქვს ფორმა მეცვას. ოპერატიულ საქმიანობას ვასრულებდი, რას ახლა ვერ ვიტყვი. მე შეკრებილი 10-15 ადამიანისთვის პოლიციის მოწმობა არ მიჩვენებია, მაგრამ განვუმარტეთ, ვინ ვიყავით და მერე უფრო აგრესიულები გახდნენ"- თქვა მირიან ქავთარაძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
რეჟიმის პროკურატურის მტკიცებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.