გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 31 წლის კაცი მოკლეს.
შემთხვევა გვიან ღამით, სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მოკლული დიმიტრი ჯავახიშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე მოხდა და წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
სროლის დროს მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და უკვე სახლშია გაწერილი.
მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს "მთავარი არხის" ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.