მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეიზღუდა ბრალდებულ ინსაფ ალიევის უფლება, თავისუფლად შეარჩიოს და ნებისმიერ დროს შეცვალოს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - აცხადებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".
საქმის განმხილველმა მოსამართლემ პოლიტპატიმრების დღევანდელ პროცესზე, არ დააკმაყოფილა ბრალდებულის შუამდგომლობა, ე.წ. სახაზინო ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის და მხოლოდ კერძო ადვოკატის მეშვეობით დაცვის განხორციელების თაობაზე.
"როგორც ცნობილია, ბრალდებულის კერძო ადვოკატებმა, 2025 წლის 11 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე თვითაცილება გამოაცხადეს. ამის შედეგად, მოსამართლემ, ინსაფ ალიევის ინტერესების დამცველად ე. წ. “სახაზინო ადვოკატი” მოიწვია, ვინაიდან, ბრალდებული არ ფლობს სახელმწიფო ენას და ამდენად, სახეზეა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
მიუხედავად საქმეზე “სახაზინო ადვოკატის” დანიშვნისა, ბრალდებულმა დააფიქსირა, რომ მას სურდა, მისი ინტერესები ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს დაეცვა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა მოსამართლის მიერ დანიშნული სახაზინო ადვოკატი. ბრალდებულისა და მისი კერძო ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა, საქმის წარმოებიდან სახაზინო ადვოკატის ჩამოშორების შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რითაც დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება, რაც გარანტირებულია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით." აცხადებს ორგანიზაცია.
ცნობისთვის:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქმის განმხილველ მოსამართლეს, იხელმძღვანელოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებით, მხედველობაში მიიღოს საქმის გარშემო არსებული საჯარო ინტერესი და ხელი არ შეუშალოს ბრალდებულთა მიერ დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზაციას.