
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, - ამბობს გიორგი გახარია.
ამასთან, პრემიერმინისტრის თქმით, უკვე 8 თვეა, ვირუსი არსებობს, თუმცა მსოფლიომ მასთან გასამკლავებლად ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა; ამიტომ, საჭიროა, "დავიცვათ ძველი წესები - ვატაროთ პირბადე, შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია და თავი შევიკავოთ მასობრივი თავშეყრისაგან".
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კოვიდშემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. დღესაც, 5 ოქტომბერს ვირუსით ინფიცირების რეკორდული - 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა.