უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს დააკვირდება.
"ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება - სასამართლო გადაწყვეტს დარჩება თუ არა ის წინასწარ პატიმრობაში. #TrialWatch პროცესს დააკვირდება.
დღეს დილით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადააგზავნა და რამდენიმე უფლების დარღვევაზე მიუთითა.
მსოფლიო აკვირდება," - წერს კლუნების ფონდი.
შეგახსენებთ, 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ კლუნების ფონდი ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
TrialWatch არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.
ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.