თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქტივისტს, ლუკა კინწურაშვილს, 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პოლიციამ კინწურაშვილი 31 მარტს "იდენტიფიცირების" მიზნით დააკავა. ლუკა კინწურაშვილი საღამოს 8 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს და ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში „ტელეგრამის“ ჩატზე წვდომა მოსთხოვეს.
კინწურაშვილმა ჩანთის შემოწმებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მობილურზე წვდომის მიცემამდე, კონსულტაციის მიღების მიზნით "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ადვოკატს დაუკავშირდა. 30 წლის ახალგაზრდას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ – მოგვიანებით, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განაცხადებით, დაკავების შემდეგ ლუკა კინწურაშვილი ორჯერ – პოლიციის განყოფილებასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში სრულად გააშიშვლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, მას მარცხენა მხარი და მუხლი ჰქონდა დაზიანებული.