რუსული კანონის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
სააპელაციომ ოკმელაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა განაჩენი არ შეცვალა.
გიორგი ოკმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 - მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დააკავეს. მას 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.
16 მაისს პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილისა (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის) ბრალდებით.
2025 წლის 3 თებერვალს, გიორგი ოკმელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება მას მოეხსნა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.