შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურაში, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი – 1991 წელს დაბადებული გ.ნ., 1990 წელს დაბადებული მ.ს., 1985 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1989 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
მაღაროელების დაკავების შესახებ ინფორმაცია მანამდე ერთ-ერთმა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ გაავრცელა. მისი თქმით, დაკავება გვიან ღამით მოხდა. პროტესტის მონაწილეები დილიდან ჭიათურაში აქციას მართავენ და თანამოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.