ევროპის სახალხო პარტიამ [EPP] კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ენმ-ის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეზოლუციაში მოთხოვნილია სასანქციო პოლიტიკის გაფართოება, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება:
"რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას იმისთვის, რომ შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რომლის წინააღმდეგ მიხეილ ჯინჯოლიამ შექმნა პოლიტიკური პრეცედენტის გამოყენებით, ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მკვეთრად დაჩქარდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ;
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო შეაჩერებდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რამაც ქვეყანა სრულ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კრიზისში ჩაითრია;
ფინანსური ტერორის ახალი ტალღა დაიწყო, მომიტინგეებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს აჯარიმებენ და ჯარიმების საერთო ოდენობამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა;
აქტივები გაუყინეს ფონდებს, რომლებიც ეხმარებიან მომიტინგეებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სისტემატურად ათავისუფლებენ ევროკავშირის მხარდაჭერის გამო;
საქართველოს არალეგიტიმურმა ერთპარტიულმა „პარლამენტმა“ შექმნა საგამოძიებო კომისია და თანამშრომლობისგან თავის შეკავება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახადა, რათა სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების, კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სისხლისსამართლებრივი დევნისთვის;
საერთაშორისო დაგმობის მიუხედავად, არალეგიტიმურმა საქართველოს მთავრობამ არც ერთი სამართალდამცავი არ წარადგინა მართლმსაჯულების წინაშე;
არალეგიტიმურ მთავრობას 52 პოლიტიკური პატიმარი მძევლად ჰყავს აყვანილი, მათ შორის, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, რომელსაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება;
სანქცირებული სასამართლო კლანის წევრმა, მიხეილ ჯინჯოლიამ, გამოიყენა მოძველებული ფორმა - სასჯელების შეკრებითობა, რათა 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც უკვე სამ წელზე მეტი გაატარა პოლიტიკურ პატიმრობაში;
2025 წლის 27 იანვარს საბჭომ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირ-საქართველოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილი ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის;
ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლატვიამ, პოლონეთმა, გერმანიამ და ჩეხეთმა, ორმხრივი სანქციები დააწესეს;
2025 წლის 29 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაიყვანდა თავის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) მას შემდეგ, რაც PACE-მ მოითხოვა ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ძალადობის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის დაყენება;
ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას საქართველოს ხალხის მიმართ მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისთვის, ევროპული მომავლისთვის და რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გამოხატავს ღრმა მწუხარებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის; ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა;
გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ავტორიტარიზმისკენ და რუსული ორბიტისკენ სვლას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას; მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულება და დაასრულოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ;
გმობს „საქართველოს ხელისუფლების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თავდასხმების კამპანიას;
მოითხოვს პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას - რათა დამნაშავეები კანონის წინაშე პასუხისგებაში მიეცნენ;
მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იფუნქციონირებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფოს მიტაცების პირობებში;
მოუწოდებს ევროპის საბჭოს, განსაზღვროს და განახორციელოს მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ორი ძირითადი პრინციპით იქნება ნაკარნახევი - (ა) რეჟიმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფინანსების შემცირება, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მოთხოვნები ყველა შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტისადმი, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა არალეგიტიმურ მთავრობასთან ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე; და (ბ) სანქციების დაწესება რეჟიმის მმართველი, ფინანსური და პროპაგანდისტული ელიტებისთვის;
მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა;
მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას, პირველ ეტაპზე შეაჩეროს უვიზო რეჟიმი ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტები;
მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და თანამოაზრე საერთაშორისო პარტნიორებს, დაუყოვნებლივ დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობი ქსელის წინააღმდეგ და გაყინონ ივანიშვილის ყველა აქტივი ევროკავშირში;
მოუწოდებს ევროპის საბჭოს, მიიღოს ზომები ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გათიშვისთვის და დააწესოს სექტორული სანქციები იმ ბიზნესების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით კი სპილენძის მადნებითა და ფერადი ლითონებით დაკავებულებს.
მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე - და გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ფინანსურად ხელშემწყობ პირებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების მფლობელებზე;
მიესალმება კომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველანაირი საბიუჯეტო მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ და მოუწოდებს ევროპის საბჭოს, ითანამშრომლოს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის მიერ შეჩერებული 120 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება სწრაფად რესტრუქტურიზდეს და გადამისამართდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მხარდასაჭერად; ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობას მზარდი რეპრესიებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე;
მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და პარლამენტთაშორის ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და აღიარონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელი.