სტამბოლის მერის და თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) პრეზიდენტობის კანდიდატის ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად ოთხშაბათ საღამოს მესამე მასშტაბური აქცია გაიმართა. "ერი იცავს თავის ნებას“ ლოზუნგით შიშლიში და ბეილიქდუზუში გამართული აქციების შემდეგ, მესამე აქციაზე ბაშაქშეჰირში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
აქციაზე წაიკითხეს იმამოღლუს მიმართვა. CHP-ის სტამბოლის პროვინციის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ოზგურ ჩელიკის მიერ წაკითხულ მიმართვაში იმამოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გადამწყვეტად იბრძოლებენ სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის და სტამბოლის მომავლისთვის.
მიმართვაში იმამოღლუმ ხაზი გაუსვა სტამბოლში დაწყებულ საპროტესტო აქციებს და აღნიშნა, რომ „ეს მოედნები ყველასთვის სამართლიანი, თავისუფალი და აყვავებული ქვეყნის ოცნებას ახმოვანებს“. იმამოღლუმ, რომელიც ასევე პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა სტამბოლის არხის პროექტს, მიმართვაში აღნიშნა, რომ „სტამბოლს ბეტონის არხს არ დავუთმობთ“.
მიწისძვრების რისკზე ყურადღების გამახვილებისას, იმამოღლუმ განაცხადა: "სტამბოლი, რომელიც მდგრადია მიწისძვრების მიმართ, რომლის ბუნებაც დაცულია და რომელსაც უსაფრთხოდ შეგვიძლია ვანდობდეთ ჩვენს შვილებს. ჩვენ არ გავწირავთ ჩვენს სტამბოლს თქვენთვის მომგებიანი პროექტებისთვის“.
იმამოღლუ ერდოღანს სტამბოლის არხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
სტამბოლის არხის პროექტი, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად ოპოზიციასა და ერდოღანის ხელისუფლების დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ოპოზიცია აცხადებს, რომ არხი საფრთხის შემცველია სტამბოლის ეკოლოგიისა და მოსახლეობისთვის. მეგაპროექტის ბიუჯეტი 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ერდოღანის განცხადებით, ახალ საზღვაო არხს არ შეეხება მონტროს კონვენცია, რომელიც თურქულ სრუტეებში საზღვაო ნავიგაციას არეგულირებს და შავი ზღვის დემილიტარიზაციას უზრუნველყოფს
მიტინგზე, რომელიც სწორედ სტამბოლის არხის პროექტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ოზგურ ოზელმა განაცხადა რომ ხალხის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ იზრდება.
"დღეს ბაშაკშეჰირში უსამართლობის წინააღმდეგ აჯანყებას ვხედავ. მათ [ხელისუფლებამ] თქვეს, რომ აქ მიტინგი არ ჩატარდებოდა, მათი თქმით, ეს AK პარტიის ციხესიმაგრე იყო. აღარ არსებობს მათთვის ციხესიმაგრე. ახლა ქადიქოი ჩვენია, ბაშაქშეჰირი ჩვენია, იოზგათი ჩვენია, მერსინი ჩვენია. კონია, მევლანას მშობლიური ქალაქი, ასევე ჩვენია სადაც კვირის ბოლოს მივდივართ. ვფიცავ, რომ ძველი პოლიტიკა აღარ არსებობს. ციხესიმაგრეები ამჟამად დაპყრობილია. ბაშაკშეჰირი ახლა ერის ციხესიმაგრეა.“- განაცხადა ოზელმა.