მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს. ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მიქაბერიძე 290 ხმით აირჩიეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოსამართლე ლევან ნადარაიამ საბჭო დატოვა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.
ვინ არის ლევან მიქაბერიძე?
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, ის ე.წ. კლანის ერთ-ერთი წევრია. ორგანიზაციამ გასულ წელს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიქაბერიძე 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებებს მალავს. ამ პერიოდში მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
"მის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის შემდეგი 2 დაუდეკლარირებელი ქონება:
984 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.
520 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში." - აცხადებდა TI.