სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია - ასე ეხმაურება ნაცემი პატიმრის გარდაცვალებას პენიტენციური სამსახური.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესახლების დღიდან იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
უწყება ციხეში ძალადობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატს ამის თაობაზე რაიმე სახის საჩივარი არ დაუფიქსირებიათ.
"მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.
ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ.
ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული იგ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით." ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს დაიღუპა.
ადვოკატის თქმით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს.
იხილეთ ასევე: