თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მოწმეების გამოკითხვა შედგა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში მიყვანილმა მოწმემ, აკაკი ოგანესიანმა ჩვენება ე.წ. დაზარალებულის, ალი ბაბევის წინააღმდეგ მისცა.
"უცხო პიროვნება [ალი ბაბაევი] მოვიდა ჩემკენ, მთხოვა ჯოხი. მეც მივეცი ჯოხი, იმიტომ, რომ ვერ წარმოვიდგენდი, რას გააკეთებდა ამ ჯოხით. აიღო ჯოხი და გაექანა მეორე უცხო პიროვნებისკენ [ალეკო ელისაშვილისკენ], რომელთანაც ძიძგილაობდა. ჯოხის მორტყმაც ვერ მოასწრო, რადგან უცხო პიროვნებებმა გააშველეს...
რადგან ჯოხი გამომართვა იმ პიროვნებამ, უცებ მოვიხსენი ყურსასმენი, დამაინტერესა, რისთვის გამომართვა და რომ გაექანა, ვნახე რომ ვიღაცისთვის ჯოხის დასარტყმელად მიდიოდა. გავიხედე და უკვე ლანძღავდნენ ერთმანეთს. თავიდან იყო ძიძგილაობა, ჩხუბი იყო უშუალოდ ჯოხის აღების დროს. ჯოხი გამომართვა და გაიქცა, რომ ჯოხი დაერტყა. მოუქნია, მაგრამ ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან გააშველეს", - თქვა მოწმემ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 12 ივლისს 13:00 საათზე ჩატარდება.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სსკ-ის156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარუდგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელისაშვილი 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. პროკურატურის მტკიცებით, გასული წლის 2 დეკემბერს ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, "აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია "ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა".