თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტპატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების" დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელების გამოკითხვა იწყება.
პროკურორმა ვაჟა თოდუამ ბრალდების მხარის პირველი მოწმე პოლიციელი გივი წიქორიძე გამოიძახა, მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. მოწმემ სასამართლოს წინაშე რელიგიური ფიცი დადო, რომ „იტყვის სიმართლეს და არაფერს დამალავს“.
სასამართლოს მოწმის სამუშაო ადგილი არ დაუზუსტებია, მხოლოდ ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) გამოკითხა. შესაბამისად, მედიისთვის უცნობია შსს-ს რომელ დეპარტამენტს წარმოადგენს გივი წიქორიძე.
მოწმის გამოკითხვა კითხვა-პასუხის ფორმატით დაიწყო.
პროკურორი: სად განხორციელდა თქვეს მიმართ ძალადობრივი მოქმედებები?
მოწმე: 28 ნოემბერს ჭიჭინაძე-რუსთაველის კუთხეში, სადაც იყვნენ აქციის მონაწილეები დიდი ოდენობით... იყო აგრესია პოლიციელების მიმართ, იყო პიროტექნიკის სროლა, წყლის ბოთლები სავსე იყო ქვიშით, ისროდნენ კვერცხებს, იყო ბუშტები, რომლებიც „კრასკით“ იყო სავსე. იყო ქვის ნატეხები...
მე მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ფერად ბოლს უშვებდა, მარცხენა თვალის არეში მომხვდა.
ის ამბობს, რომ დამცავი საშუალებები ადგილზე არ ჰქონია და დაზიანების გამო სიარული არ შეეძლო, რის გამოც, კოლეგა პოლიციელმა წაიყვანა სასწრაფოსკენ და შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში.
მოწმე გივი წიქორიძე ამბობს, რომ ამოცნობის ოპერაციაში არ მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად, „ბრალდებულები არ ამოუცნია“.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი: „თქვენ ხომ ზუსტად არ იცით, ვინ გესროლათ ფოიერვერკი?“
მოწმე: „ზუსტად არ ვიცი“.
ავსაჯანიშვილი: უშუალოდ დაინახეთ, ვინ გესროლათ ფოიერვერკი?
მოწმე: „ვერა“.
ადოკატი, დავით ჭიკაიძე: „ხომ არ გახსენდებათ პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს, ვინ სად უნდა წასულიყო, ვის რა უნდა გაეკეთებინა?“
მოწმე პოლიციელი: „არ მახსოვს, მაგრამ წეღანაც ვთქვი, რომ ჯგუფურად დადიოდნენ, ერთად იწყებდნენ ყვირილს, მერე ჩუმდებოდნენ“.
ადვოკატი დავით ჭიკაიძე უთითებს ზვიად ცეცხლაძეზე, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან და ეკითხება მოწმეს: „ზვიად ცეცხლაზე - ხომ არ გახსენდებათ ასეთი ადამიანი, ვინც მითითებებს იძლეოდა?“
მოწმე: „კონკრეტულად არ დამინახავს, შესაძლებელია იქ იყო“.
პოლიციელმა ვერ თქვა, რა იყო პარლამენტთან აქციის გამართვის მიზეზი: „კონკრეტულად არ შემიძლია თქმა“.
ადვოკატ კახა კოჟორიძის კითხვაზე, ხომ არ სმენია რომელიმეს გვარი (ბრალდებულების) მაგალითად თანამშრომლების მხრიდან, რომ მაგალითად ვეფხია კასრაძე აორგანიზებდა სხვა ბრალდებულებიდან პიროტექნიკას ისროდა.
მოწმე წიქორიძემ უპასუხა, რომ „არა“.
"რუსულ კანონს აპროტესტებდნენ“ - მოწმე პოლიციელი გივი წიქორიძე ამბობს, რომ ახსოვს რატომ შეიკრიბნენ დემონსტრანტები პარლამენტთან 28 ნოემბერს.
სინამდვილეში, მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ 28 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ოფისში ირაკლი კობახიძე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებენ.
მოწმე გივი წიქორიძეს კითხვებს ბრალდებულებიც უსვამენ. ზვიად ცეცხლაძე დაინტერესდა, რამ გამოიწვია მისი მხედველობის დაზიანება ფოიერვერკმა თუ ქვამ. მოწმემ უპასუხა, რომ „ფოიერვერკმა".
ამასთან დააზუსტა, მართლა ფოიერვერკზე საუბრობს თუ არა მოწმე, რადგან დაკითხვის დასაწყისში პოლიციელმა თქვა, რომ „ფოიერვერკი ვარდისფერ ბოლს უშვებდა“. პოლიციელმა უპასუხა, რომ ნამდვილად ფოიერვერკი იყო.
გუჯა ავსაჯანიშვილი, ადვოკატი: „თქვენ ხომ ვერ ხედავთ აქ პირს, რომელმაც დაზიანება მოგაყენათ?“
გივი წიქორიძე, პოლიციელი: „ვერა“
ადვოკატი: „შეგიძლიათ დაგვისახელოთ ადამიანები, ვინც თქვენს დაზიანებას დაადასტურებს?“
მოწმე: „არ შემიძლია, არ მახსოვს“.
ადვოკატი: „თქვენ რომ იქ ნამდვილად იყავით, ამის მტკიცებულება გაქვთ? რამე ვიდეო მასალა? გვერდზე მდგომები არ იცით, არ გახსოვთ....“
მოწმე: „ვიდეომასალა არ მაქვს“
[მასალა მომზადებულია "რადიო თავისუფლების" ლაივბლოგის მიხედვით.]