ბურღულეული, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი, ხორციპროდუქტები და თევზეული - ეს ის პროდუქტებია რომლის ფასებზეც ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკვე აისახა, და შედეგად სამომხარებლო კალათა 2-8 %-ით გაძვირდა.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას ვარაუდობენ. მათი თქმით, სეზონური ხილის და ბოსტნეულის ამოწურვის შემდეგ დგება საჭიროება, რომ მარაგები იმპორტირებული საქონლით შეივსოს. ეროვნული ვალუტის ინფლაციის პირობებში კი, ფასების მატება გარდაუვალია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რიგ საკვებ პროდუქტებზე ფასები უკვე გაზრდილია. როგორც იმპორტიორები განმარტავენ, მატება 8%-საც კი აღწევს. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ფასების მატების მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ:
ბურღულეულზე, ფქვილზე, რძეზე, რძის ფხვნილზე, ხორცზე და თევზზე უკვე საგრძნობია ფასების მატება. თუ ლარი სტაბილური არ იქნება, ფასების ზრდა ყოველთვის იქნება გარდაუვალი. იმ პერიოდში, როდესაც ზამთარი მოდის და დამოკიდებული ვიქნებით იმპორტირებულ პროდუქტზე, ეს არის ხილი თუ ბოსტნეული, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფასები. ამიტომ ლარის დასტაბილურება არის N1 ამოცანა მთავრობისთვის, - ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია.
პროდუქტებზე ფასების მატება, რომ თითოეულ მოქალქეს უკვე შეეხო, ამას ადასტურებს IPSOS-ის კვლევის შედეგებიც. გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა იმ საკითხების ჩამონათვალშია, რომელზეც ხელისუფლებისგან დაუყოვნებლი რეგირებაა საჭირო. მოქალაქეების 84% პროცენტი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში პროდუქტებზე ფასების ზრდის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებულია. ასევე, მთავარ გამოწვევად რჩება დასაქმება, ეკონომიკა, სიღარიბის მაჩვენებელი და ეროვნული ვალუტის გაუფასრურება.
ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0.7% შეადგინა. საკვებ პროდუქტებთან ერთად, 3.1%-ით გაიზარდა ფასები ჯანდაცვის სექტორში და 1.7%-ით - ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე.