ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო დაიწყო | რა ხდება პროცესზე [განახლებადი]

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომა 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

პროცესზე პროკურატურა მოწმე პოლიციელებს გამოკითხავს. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.

ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. 11-ვე პირს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

  • სხდომის დაწყებიდან მალევე, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ანდრო ჭიჭინაძის Whatsapp-ი უკანონოდ გამოიყენა უცნობდა პირმა იმ დროს, როცა ტელეფონი გამორთული და ექსპერტიზის ბიუროში, დალუქულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. უფლებადამცველის ცნობით, ჭიჭინაძის ტელეფონი დაკავების შემდეგ ექსპერტიზის სამსახურში წაიღეს, ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე არ ყოფილა, თუმცა 6 აპრილს, ანდრო ჭიჭინაძემ Whatsapp-ში ერთ-ერთი ჩატი დატოვა და აპლიკაცია წაშალა. მიგინეიშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა - რათა გაირკვეს, რა მოხდა ჭიჭინაძის ტელეფონთან მიმართებით.
  • პროცესზე იკითხება პოლიციელი გიორგი ზაბახიძე, რომელზეც 16 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ "ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა", ხოლო "დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის". კითხვაზე, დაინახა თუ არა, ვინ ესროლა ქვა, პოლიციელმა თქვა, რომ "ვერ დაინახა". გიორგი ზაბახიძემ ასევე თქვა, რომ არ შეუმჩნევია უწევდა თუ არა ვინმე ორგანიზებას აქციის მონაწილეების მოქმედებებს.
  • სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძე პოლიციელის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი ზაბახიძე ამ პროცესზე საერთოდ არ უნდა იკითხებოდეს და ის შეცდომაშია შეყვანილი. ჭიჭინაძემ ასევე თქვა: "ჩვენ არავითარი შემხებლობა ამ ადამიანის დაზიანებასთან არ გვაქვს. მე ვწუხვარ რომ ამ ადამიანმა მხედველობა დაკარგა და ჩვენ აქეთ ვსხედვართ თითქოს ჩვენ მიგვიძღვის წვლილი ამაში".
  • "თქვენ ამბობთ, რომ ვერაფერი ვერ დაინახეთ, ვერაფერი ვერ გაიგეთ. იქ შეიძლება 40 000 კაციც იყო და მათგან ვიღაცამ რაღაც ისროლა - ჩვენთან რა შუაში ხართ?" - ეს კითხვა მოწმე პოლიციელს რევაზ კიკნაძემ დაუსვა. 
  • სხდომის მიმდინარეობისას ნინო გალუსტაშვილი პერიოდულად ამბობს, რომ "თუ დარბაზში სიმშვიდე არ იქნება, სხდომას დახურავს". ერთ-ერთი ასეთი განცხადების დროს, მოსამართლეს ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მიმართა: "ამ დარბაზში ათეულობით ადამიანი სიმშვიდით უყურებს მართლაც ტრაგედიას, რაც აქ ახლა ამ დარბაზში ხდება და კონკრეტული ადამიანების ემოციამ არ უნდა გამოიწვიოს იმ სადამსჯელო მექანიზმის გამოყენება, რაც აქამდე იყო გამოყენებული. მიიღეთ გადაწყვეტილება დამსწრეებისადმი ინდივიდუალურად".

  • პროკურატურას კიდევ 6 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, მაგრამ მოსამართლემ სხდომა დაასრულა. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმე, პოლიციელი გიორგი ზაბახიძე გამოიკითხა. პროცესი თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგი პროცესი 15 მაისს ჩაინიშნა.
     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი