ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ოცნების საგამოძიებო ორგანოების მიერ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება. დაკავებულის ადვოკატმა პროცესზე წარმოადგინა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ირაკლი დგებუაძე 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მას შემდეგ რაც მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, მან ტკივილი განიცადა და წითელი კვალი სახეზეც ემჩნეოდა. მზია ამაღლობლის ადვოკატის შეფასებით, აღნიშნულ კადრებში დგებუაძეს სახეზე სიწითლე არ აღენიშნება.
ადვოკატის განცხადებაზე ირაკლი დგებუაძის პასუხი იყო, რომ კადრების ხარისხი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სახეზე არსებული სიწითლე კარგად გამოჩნდეს.
"მე არ მქონია სისხლმდენი ჭრილობა, ბლაგვი საგანი არ ჩაურტყამს, მაგრამ ტკივილი განვიცადე. კონკრეტულად იმ ადგილზე სადაც მზია ამაღლობელმა დამარტყა აღმენიშნებოდა სიწითლე და ეს არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რამდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიწითლე მქონდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე, რომ ყურის მიდამოში მქონდა სიწითლე." - განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
აღნიშნულზე განცხადებაზე მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის კომენტარი იყო, რომ მას ამჯერადაც წითელი ჰქონდა ყური და შესაძლოა ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა იყოს.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების არგუმენტს დგებუაძის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამაღლობელი სხვა პოლიციელს დაესხეს თავს, რადგან ის თავს დამანაშავედ არ თვლის.
დგებუაძეს შეკითხვით მიმართა მზია ამაღლობელმაც.
"ძალიან მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? - იცით, ალბათ, ეს მუხლი ითვალისწინებს 4 -დან 7-წლამდე სასჯელს. პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწნა არ არის თავდასხმა. თქვენი პასუხია - კი. რა ზიანი მიგაყენეთ თქვენ რომ მითხრათ?"
ამაღლობელს უპასუხა საქმეში დაზარალებულად ცნობილმა დგებუაძემ.
"მესმის, რომ საზოგადოებისთვის მორალურად რთული გასაგებია, რომ თქვენ ხელის დარტყმისთვის 4-დან 7 წლამდე გემუქრებათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადადგათ მარტივი ნაბიჯები, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ ისე აგოთ პასუხი, რომ არ მოიხადოთ ასეთი სასჯელი..."
ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით , პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პროკურატურამ ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.