პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, უკვე მეორე დღეა სრულ შიმშილობას აცხადებს. როგორც ირკვევა, მიზეზი მისთვის ციხეში საკვების შეტანის აკრძალვა გახდა.
ჩიკვაიძის დედის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი შვილი პენიტენციურს არ ენდობა, მათ მოწამვლაში სდებს ბრალს და ციხის საკვებს არ იღებს, 2 კვირის წინ, ოჯახს ოფიციალურად მისცეს ნებართვა პატიმრისთვის სახლის საკვები შეეტანათ. თუმცა, გუშინ, ადგილზე მისულ დედას შვილთან საჭმელი აღარ შეატანინეს, მიზეზი კი არ განუმარტეს:
"რამდენიმე კვირის წინ, გიორგიმ ჰელსინკის კომისიას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები და ამ პერიოდის შემდეგ, გიორგი თვლის, რომ მოწამლეს და ოჯახიც უკვე თითქმის დარწმუნებული ვართ. მან უარი თქვა ციხის საკვებზე. მე ვიყავი პენიტენციურის დეპარტამენტში, სამი ხელმძღვანელი ესწრებოდა ამას და მათ მე უფლება მომცეს, ოქმიც შედგა, ხელის მოაწერეს მათაც და მეც, და მათ უფლება მოგვცეს, რომ გიორგისთვის სახლიდან მიტანილი საკვები შეგვეტანა. 2 კვირის განმავლობაში ამას ვახორციელებდი. საქმე შეიცვალა გუშინ, შაბათს, როდესაც გამზადებული საკვებით მივედი, ყველას შეატანინეს. შაბათი დღე უქმეა და ამას ნუ გამოიყენებენ, იმიტომ, რომ წინა შაბათს ჩვეულებრივად შევიტანე. შაბათ დღეს ასევე საკვები შეაქვთ ხანგრძლივ პაემნებზე შესულ ადამიანებს. იმათ ყველას შეატანინეს, ჩვენ უარი გვითხრეს . ეს უარი რომ ყოფილიყო დასაბუთებული, გამოვტრიალდებოდით უკან. არაფერი არ წარმოგვიდგინეს და უბრალოდ სიტყვიერად გვითხრეს, რომ გუშინ საღამოს თქვენთვის გაუქმდა საჭმლის შეტანის თემაო". ამბობს ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი "ფორმულას" ეთერში.
მისივე თქმით, ის გუშინვე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, რომლის წარმომადგენელიც ციხეში შევიდა, თუმცა პასუხი ვერც მან მიიღო, რატომ აკრძალეს ჩიკვაიძისთვის საკვების შეტანა.
ამის შემდეგ, ჩიკვაიძემ 18 საათიდან სრული შიმშილობა დაიწყო.