შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედოფლისწყაროში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი - 1987 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მან სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტის მოკვლა სცადა, რომელიც იმ დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, დედოფლისწყაროში დააკავა, - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.