თბილისის საქალაქო სასამართლომ "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ორივე დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
ცნობისთვის, ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), ხოლო მეორე პირს - სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. პოლიციამ ბრალდებულები იმავე დღეს დააკავა.
მკვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე დაწესებულებაში გამთენიისას მოხდა. მოკლულია 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა.