"ქვა მომხვდა ტუჩზე და გამეხა, ვინ მესროლა არ დამინახავს; პოლიციელები ვიყავით მოქალაქეებისგან დასაცავი" | დაზარალებული მოწმე-პოლიციელი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტპატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი იკითხება. ნიკოლოზ ხურცილავა ამბობს, რომ  28 ნოემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას "აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე ნივთს, მათ შორის, სილიან ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ", თუმცა, არ შეუძლია თქვას, თუ ვინ მიაყენა დაზიანება.

"ქვა მომხვდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო, საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამედიცინო დახმარება მივიღე. ვინ მესროლა კონკრეტულად, არ დამინახავს, ფიზიკურად ვერ დავინახავდით, ნივთებს ისროდნენ და თავს ვიცავდით, რომ თავის არეში არ მოგვხვედროდა" - თქვა პოლიციელმა.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, თუ რა მოქმედება განახორციელა, რომ როგორც პოლიციელს, საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა და წესრიგი დამემყარებინა, პოლიციელმა უპასუხა, რომ "ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა". რადგან მისივე მტკიცებით - "აქეთ პოლიციელები ვიყავით მოქალაქეებისგან დასაცავი"

"არ ვიცი, ვისი ნასროლი მომხვდა. ზვიად ცეცხლაძე ვერ გეტყვით იქ იყო თუ არა" - თქვა ხურცილავამ.

შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი