თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე პროკურატურის მოწმე პოლიციელები იკითხებიან. ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი პოლიციელია გამოკითხული.
შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. 11-ვე პირს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
- სხდომის დაწყებისას მოსამართლე გალუსტაშვილმა თქვა, რომ "თუ წესრიგი დაირღვევა, ის პროცესს დახურავს.
- "გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, რომ ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ და ყველაფერს ვიკადრებო, ვისაც მინდა დავიჭერო. ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ "ე მანდ ხელი არავის წაგიცდეთ და ის გირაო არავინ გადაიხადოთ". ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას. ყველანაირ პატივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე გქონდათ. ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და გავსულიყავით აქედან, მაგრამ არ ვიკადრეთ. თქვენც ნუ იკადრებთ და ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით. ციხეში მოხვედრა არ არის კატასტროფა, კატასტროფა არის როცა ბრძოლას გაურბიხარ, როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად. ბოლოს მოგვკლავს შეწუხებული სინდისი ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩალურჯებული თვალი, ჩატეხილი კბილი თუ 1 წლით ნახეხი დილეგი", - მიმართა პოლიტკოსებს პოლიტპატიმარმა, რევაზ კიკნაძემ.
- ამ დროისთვის, იკითხება მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა. ის ამბობს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა, დაადეს ნაკერები. ამასთან, ხურჩილავა ერთი თვის წინ დააწინაურეს. ის უარყოფს, რომ მისი დაწინაურება ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაზარალებულის სტატუსს უკავშირდება.
- ხურცილავას თქმით, მან არ იცის ვინ ესროლა ქვა და ხელს ვერავის დაადებს.
- სხდომაზე უკვე მეორე მოწმე პოლიციელი, ნიკოლოზ მჟავანაძე იკითხება. ადვოკატის კითხვის პასუხად, მჟავანაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს შორის "კოორდინაციას ხედავდა, მაგრამ ამ ადამიანების ამოცნობა არ შეუძლია". პოლიციელის თქმით, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით აგრესიულში გადაიზარდა.
- ონისე ცხადაძემ სხდომაზე თქვა: "ეს არის სპეციალურად გაკეთებული, რომ ბრალი დაამძიმონ. მე პირადად 28 ნოემბერს, სადაც მიიღეთ დაზიანება, სულ არ ვყოფილვარ და ჩემთან პრეტენზია ვერ გექნებათ. თქვენთვის მისაღებია, რომ დამნაშავეს, ვინც თქვენ ქვა გესროლათ ბრალი დაუმძიმონ და სხვა მუხლიც დაუმატონ?". პროკურორმა კითხვა აიცილა. ონისე ცხადაძემ გააგრძელა: "ჩვენ არც ერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს, აქ გავიცანით, თქვენ თქვით, რომ მოქალაქეები ერთმანეთს აწოდებდნენ რაღაცებს... სამი წიხლი მომხვდა თავში ზედიზედ და ბოლოს ზემოდან დამარტყა ერთმა, მერე ნეკნებში ამომარტყეს ფეხი, შემეკრა სუნთქვა, თავზე მქონდა ჰემატომა... უარი ვთქვი, რომ ჩვენება მიმეცა, ჩავთვალე, რომ არ ღირდა ამის გამო ვიღაცას გამოვკიდებოდი".