თბილისის საქალაქო სასამართლოშ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. ბრალდებულების უკმაყოფილება დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, ლაშა ბუიღლიშვილის ჩვენებას მოჰყვა, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოძალადეები უწოდა.
პოლიციელმა განაცხადა, რომ "აქციის იმ მონაწილეების მიმართ აქვს პრეტენზია, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებდნენ და ქვებს ისროდნენ". ადვოკატის დამაზუსტებელი კითხვების საპასუხოდ, პოლიციელმა განაცხადა - "მოძალადეები არიან", - რასაც ბრალდებულ ანდრო ჭიჭინაძის და დანარჩენი დაკავებულების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
"ვის გულისხმობ?", "თქვენ 500 ბავშვი დაჩეხეთ, ჩვენ ვართ მოძალადეები?", - მიმართეს დაკავებულებმა პოლიციელს.
სხდომა ერთ-ერთმა დამსწრემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით, აღნიშნული პირი დარბაზიდან წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის გაძევებულია.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.