"სრული უნდობლობა მაქვს" | სასამართლომ რეჟიმის პატიმარი ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრის ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად დაკავებულმაც.  ნიკა კაციას თქმით, მას სასამართლოს მიმართ სრული უნდობლობა აქვს.

ოცნების სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და პატიმრობა ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად დაკავებულმაც.  ნიკა კაციას თქმით, მას სასამართლოს მიმართ სრული უნდობლობა აქვს.

"თქვენ დამემუქრეთ, სასამართლოს უპატივცემულობის გამო პროცესს დავხურავო.

ჩემი ოცნებაა, იყოს ისეთი სამართლიანი გარემო, რომ სიტყვა რომ ვერ გამოხატავს, ისეთი პატივისცემა მქონდეს.

რომელი სასამართლოს მიმართ უნდა მქონდეს მე პატივისცემა დღეს - მე მაინც ვინარჩუნებ პატივისცემას, ეს ჩემი აღზრდის ბრალია და 1% რომ მაქვს დარჩენილი, ესეც არის ჩემი გარემოცვის, ჩემი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის [დამსახურება] ვისთანაც მე პროფესიული, ადამიანური თუ მეზობლური გადაკვეთა მქონია.

სრული უნდობლობა მაქვს.

პროპაგანდისტებს ჰქონდათ დაწყებული კამპანია, რა კამპანიაშიც დაკავებულები, სინდისის პატიმრებიც უნდა ჩავესვით, ჩავეტენეთ რუსული ჩექმით, რომ იმ ხაზში ყოფილიყო, რომ აი იქ ძალადობენ, აფინანსებენ, ნარკოტიკები აქვთ. თუ ჩემი არ გჯერათ, პროცესის შემდეგ დაგუგლეთ, ნახეთ, რა ხდებოდა ნოემბრის ბოლოდან სინდისის პატიმრების დაკავების ბოლო დღემდე. ნახავთ პროპაგანდისტებს განცხადებებს, რას და როგორ ავრცელებდნენ," - განაცხადა ნიკა კაციამ.

პროცესის დაწყებამდე სასამართლო დარბაზში დაპირისპირება იყო. მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი კაციას ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციების მონაწილე ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. რეჟიმის პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი "ჩაუდეს". ალტერნატიული ექსპერტიზით, რომელიც სამხარაულის ბიუროში ჩატარდა, ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი