პროკურატურამ მზია ამაღლობელის საქმის მოწმეები ჩახსნა. ეს სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც დღეს მათივე მოწმემ, ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა სასამართლო დარბაზში თქვა, რომ "დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი"
"პასუხი ადვილია, რატომაც მოხსნა ბრალდებამ ეს მოწმეები - ბრალდება დაიღალა პოლიციელების მეცადინეობით, დაიღალა, რომ ამათი ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს. ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და დაიღალა იმით, რომ ეს მოწმეები სულ არიან ნიღბიანები და დაიღალა ჩვენი კითხვებით, რომ შენ რომ ხარ ამ ნიღბის ქვეშ რით დასტურდება რომ შენ ეს ხარ და არა სხვა", - თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი ინფორმაციით, შემდეგი პროცესი განახლდება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით.
დღევანდელი პროცესის პარალელურად, სასამართლოს გარეთ პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. ხმაურის გამო მოსამართლემ ჯერ შესვენება გამოაცხადა შემდეგ კი განაცხადა, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ გაგრძელდება, სხდომებს საერთოდ დახურავს.
მისივე გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი სხვა დარბაზში გაგრძელდება: "შემდეგ სხდომაზე, ჩვენ შევიცვლით დარბაზს რომ ხელი არ შეეშალოს სასამართლოს განხილვაში" - თქვა ნინო სახელაშვილმა.