ბექა ონიანის ცემის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ივა ტყეშელაშვილს ბრალდება წარუდგინა.
ბრალდებულს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამოდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბექა ონიანს თავს გუშინ დაესხნენ - მისი ცემის ბრალდებით ივა ტყეშელაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ტყეშელაშვილი პოლიციელის შვილია. მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
ნაცემი ბექა ონიანი კავკასიის მედიცინის ცენტრში, ხელოვნურ კომაშია. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.