"ძლიერი საქართველოს" ლიდერების საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. 11 საათზე ბადრი ჯაფარიძის, 13 სააზე კი მამუკა ხაზარაძის პროცესია ჩანიშნული. საუბარია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაწყებულ გამოძიებას.
ხაზარაძესაც და ჯაფარიძესაც კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაო გადახდილი აქვთ, დღეს კი საქალაქოში წინასასამართლო სხდომები გაიმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ.
პოლიტიკოსების ადვოკატების თქმით, უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა დანაშაული არ არის და დაწყებული გამოძიებაც აბსურდულია. იგივე პოზიცია აქვს თავად ჯაფარიძესაც:
"ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება იმიტომ, რომ კომისია, სადაც არმისვლის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემი და მამუკას წინააღმდეგ, ის კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, ის არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნილი, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რომელიც მიმდინარეობს 5 წელია უკვე" - თქვა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
ცნობისთვის, გირაოს არგადახდის გამო, მოსამართლე ნინო თარაშვილმა 14 მაისს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
გირაო აქვთ შეფარდებული ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესაც, რომლებიც ამბობენ, რომ არ გადაიხდიან, შესაბამისად, პოლიტიკოსები დაკავების მოლოდინში არიან.