მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, ვინაიდან პოლიციამ ამ საქმეზე მოახდინა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია:
2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისათვის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ. თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და მასში მიუთითეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს. მოგვიანებით, ამავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და მზია ამაღლობელს დააბრალეს იმ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია. " აცხადებს "საია".
მათივე ცნობით, ეს საქმე 2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმის განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, მოსამართლემ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მტკიცების ტვირთი გადაანაწილა არასწორად და უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებას და ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე შექმნილ 2 ვიდეოფაილს, რომელსაც შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან.
ორი კადრის შედარებით, ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ:
მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს 12 იანვარს 00:52 საათზე.
ვიდეო, რომელიც შსს-მ წარადგინა, როგორც თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, 00:43 წუთზე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე 9 წუთით ადრე.
მოსამართლე დაეყრდნო იმ ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც ბათუმის პოლიციის სამმართველომ მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში, თუმცა, არც ერთ ამ ვიდეო ჩანაწერს შემხებლობა არ აქვს საქმესთან. ვიდეო ჩანაწერებზე დაყრდნობით შსს ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ვიდეოში ასახული ქმედების გამო დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა სასამართლოს მიუთითა ვიდეოები არ იყო გადაღებული მზია ამაღლობელის დაკავებამდე, მოსამართლემ აღნიშნული მითითება და წარდგენილი მტკიცებულება (მოწმე/ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო ეს ვიდეო) არ გაითვალისწინა და არც ის მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ეს კადრები ადასტურებს მზია ამაღლობელის მიერ 173-ე მუხლის ჩადენის ფაქტს, რადგან მასში არ არის ასახული მზია ამაღლობელის რაიმე უკანონო ქცევა." აცხადებს "საია"
ადვოკატებმა დღეს ახალი მტკიცებულებები წარადგინეს, რომლითაც მათი თქმით, უტყუარად დგინდება, რომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის (ლ. გაბაიძის) დაკავებას, რაც პოლიციამ განახორციელა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე. ასევე, პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გ. ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.
"ვიდეო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარვუდგინეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სსკ-ის 332- (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 369-ე (მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და 370-ე (ცრუ ჩვენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.
საჯაროდ მივმართავთ გენერალურ პროკურორს უმოკლეს დროში გვაცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მზია ამაღლობელის პატიმრობა დღემდე ეფუძნება სწორედ ამ გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას." აცხადებენ მზია ამაღლობელის უფლებადამცველები.